Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განმარტებები ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის სასემინარო ჯგუფებში რეგისტრაციებთან დაკავშირებით

აკადემიური რეგისტრაციები იურიდიულ ფაკულტეტზე გრძელდება და 11 მარტის 17:00 საათიდან სტუდენტები შეძლებენ სასემინარო ნაკადებზე რეგისტრაციას. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება რეგისტრაცია უცხო ენების ნაკადებზე, ასევე, შესაძლებელი იქნება საგნებზე ნაკადების შეცვლა და სხვა ცვლილებების განხორციელება.


ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად. ამასთან, გაცნობებთ, რომ სემინარების გახსნისას, შესაძლოა, დაემატოს ადგილები ზოგიერთ სავალდებულო საგანს (სასემინარო ნაკადების გასათანაბრებლად). ამდენად, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება მათზე რეგისტრაციაც.


როგორც მოგეხსენებათ, სასემინარო ჯგუფებში მეცადინეობის ამა თუ იმ ფორმატის მსურველთა იდენტიფიცირებისთვის, საჭირო გახდა წინასწარი რეგისტრაცია, რომელმაც გამოავლინა საუდიტორიო და დისტანციური ფორმატის მსურველთა რაოდენობა, რაც შემდგომ გათვალისწინებულ იქნა სამუშაო ჯგუფების დაგეგმვისას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა სტუდენტთა გარკვეულმა რაოდენობამ შეცვალოს სწავლების ფორმატთან დაკავშირებული თავდაპირველი არჩევანი, თუკი სტუდენტი, რომელსაც სურდა დისტანციური სწავლება, სემინარების არჩევისას ვერ დარეგისტრირდება დისტანციური ფორმატის ჯგუფში, გთხოვთ მოგვწეროთ LMS.TSU.GE-ს ბაზიდან, გრაფა აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები. 12-დან 15 მარტის ჩათვლით ყველა განცხადება დამუშავდება და არსებული რესურსებისა და სტუდენტთა საჭიროებების გათვალისწინებით, ფაკულტეტი დაგეხმარებათ რეგისტრაციის პროცესში.


მიაქციეთ ყურადღება, რომ ცხრილი ისეა შედგენილი, რომ სტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს სავალდებულო საგნების ლექციები არ ემთხვევათ იმავე სემესტრის სხვა სავალდებულო საგნებს ან სემინარებს. არასტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართული, მობილობით გადმოსული ან აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის დამთხვევების რისკი მეტია, მაგრამ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიმდინარე სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულია 100-ზე მეტი (სავალდებულო/არჩევითი) დისციპლინა და დამთხვევების გამორიცხვა ობიექტურად შეუძლებელია. არჩევითი საგნის სავალდებულო დისციპლინასთან დამთხვევის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ სხვა არჩევით დისციპლინაზე, ძალიან ბევრ არჩევით დისციპლინაზე არის რეგისტრაციის შესაძლებლობა. 


იურიდიული ფაკულტეტი იმედოვნებს, რომ სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის/სალექციო ნაკადის შეცვლის გზით). თუკი თქვენ გაქვთ სემინარის დამთხვევა  ლექციის/სხვა სემინარის დროზე, იმ შემთხვევაში, თუკი სემინარის პროფესორს აქვს სხვა სასემინარო ნაკადი, შესაძლებელია სემინარზე დასწრება მის სხვა ნაკადში, რეგისტრაციის შეცვლის გარეშე. სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმაროთ Lms.tsu.ge-დან, გრაფა - ,,აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“ (სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები).


ყველა განცხადება განიხილება 15 მარტის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა.
ასევე, გაცნობებთ, რომ ვინაიდან უცხო ენები არ იყო აქტიური საგანი ბაზაში, უცხო ენის გაუმჯობესების მსურველებს მათი განცხადებების შესაბამისად, გაუმჯობესებები ბაზაში აესახებათ 13 მარტის ჩათვლით. სემინარებისა და უცხო ენის დამთხვევის შემთხვევაში, შესაძლებელია უცხო  ენის პედაგოგის/ნაკადის შეცვლა. უცხო ენებზე რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით პრობლემების არსებობისას, პირველ რიგში, უნდა მიმართოთ სასურველი ენის პედაგოგს, ხოლო პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მიმართოთ ენათა ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ რუსუდან დოლიძეს  ელექტრონულ ფოსტაზე  rusudan.dolidze@tsu.ge.


სხვა ფაკულტეტის სტუდენტები იურიდიული ფაკულტეტის საგნებზე რეგისტრაციას შეძლებენ ფაკულტეტის რესურსების გათვალისწინებით 11 მარტის 17 საათზე.


იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!